Thursday, May 28, 2009

ყაზბეგი



მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი (რუსულად - Казбек, ოსურად - Урсхох) - მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით . მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ - მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუატისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.


მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ თეკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, დარიალის ხეობის მხარეს 3600 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში ("ხუმარსწავლი" 1813-1830) (გვ. 541), წერს:იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

No comments:

Post a Comment